შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“ აგრძელებს სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული ცოდნის გაძლიერებისკენ მიმართულ საგანმანათლებლო საქმიანობას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსში“ გაიმართა მორიგი სპეციალიზებული ლექცია, რომელიც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ლექციას სპეციალური მოწვევით ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სამმართველოს მთავარი ინსპექტორი, ქალბატონი ჯულია მამალაძე, რომელმაც აკაკი წოწონავასთან ერთად სტუდენტებს გაუზიარა ინსპექტირების რეალური პრაქტიკა, ყველაზე გავრცელებული დარღვევები კვების ობიექტებში და ის კრიტიკული საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია მომავალი სპეციალისტებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
-
HACCP სისტემის პრაქტიკული მნიშვნელობა ყოველდღიურ საქმიანობაში
-
ინსპექტორის მიერ შემოწმების პრიორიტეტული მიმართულებები
-
კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) მართვა
-
მონიტორინგისა და დოკუმენტაციის სწორად წარმოება
-
კვების ობიექტებში ყველაზე ხშირი დარღვევების პრევენცია
ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, აქტიური კითხვა–პასუხით, რამაც სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა რეალური პროფესიული გარემოსთვის საჭირო ცოდნა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ.
შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ბერძენიშვილს, პროექტში აქტიური ჩართულობისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის გამოყოფისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს განათლებასა და სახელმწიფო კონტროლის სისტემას შორის ეფექტიანი კავშირის გაძლიერების მიმართულებით.
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას, რათა პროფესიული განათლების სივრცეში გაიზარდოს სურსათის უვნებლობის კულტურა და მომზადდეს ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრები.






